კატარინენფელდი იყო გერმანელი კოლონისტების მიერ დაარსებული დასახლება, რომელიც ერთ დროს ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გერმანული სოფელი იყო საქართველოში. დღესდღეობით აქ პატარა ლუთერული სამრევლო არსებობს, რომელიც ყოველ კვირა დღეს სამრევლო ცენტრში იკრიბება ღვთისმსახურების ჩასატარებლად. მრევლის უმეტესობა გერმანელი კოლონისტების შთამომავლები არიან, ზოგიერთი მათგანი დღემდე შვაბურ დიალექტზე საუბრობს - თავიანთი წინაპრების მსგავსად. კვირაობით ღვთისმსახურების ჩასატარებლად პასტორი აქ თბილისიდან ჩამოდის. სამრევლო სახლში მხიარული და ხალისიანი ცხოვრება ჩქეფს: 20-ზე მეტი ბავშვი საკვირაო სკოლისთვის იკრიბება. აქ უმეტესად ქართულ ენაზე საუბრობენ. საეკლესიო წლის ზეიმები დიდ წრეში აღინიშნება, რომელშიც სხვადასხვა თაობის და ენის წარმომადგენლები შედიან.
19. 05. 2002 ოფიციალური გახსნის ლინკი:. https://www.facebook.com/100003107517017/videos/1058055138390795
ყოველ კვირას, 15. 00 საათზე სამრევლოში ღვთისმსახურება ტარდება.
ამავე დღეს, 13. 00 საათიდან ბავშვები იკრიბებიან სამრევლო სახლში:
ელ-ფოსტა: nazi.londaridze@gmail.com
ტელეფონი: +995 595 00 01 68
კატარინენფელდს ეს სახელი 1819 წელს მისმა დამფუძნებელმა შვაბმა მოსახლეებმა უწოდეს ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I-ის მეორე მეუღლის და რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის დის კატარინას პატივსაცემად. საბჭოთა პერიოდში სოფელს სახელი გადაარქვეს და „ლუქსემბურგი“ დაარქვეს, მოგვიანებით კი ბოლნისი - ახლომდებარე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის (V ს.) საპატივცემულოდ. კატარინენფელდი გერმანელი კოლონისტების ყველაზე დიდი და მდიდარი დასახლება იყო საქართველოში. საკუთარი სამრევლო მმართველობა, სკოლა და ლუთერული აღმსარებლობის შეუზღუდავი პრაქტიკის გარანტია გერმანელ მოსახლეებს იმპერატორმა მისცა და მათ, თავის მხრივ, სამრევლო ცხოვრება ააყვავეს. ამ წარსულს დღემდე გვახსენებს ტიპიური ‘ფახვერკის’ არქიტექტურული სტილით ნაშენები სახლები, რომლებიც განადგურების საფრთხის წინაშე დგას. 1854 წელს კატარინენფელდის ცენტრში დიდი ლუთერული ეკლესია აშენდა, რომლის დიდი ნაწილი დღემდეა შემორჩენილი - დღესდღეობით ის სპორტული დარბაზის ფუნქციას ასრულებს.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ და სტალინის რეჟიმის დადგომასთან ერთად ლუქსემბურგში საეკლესიო ცხოვრება შეიზღუდა. 1928 წელს აქ უკანასკნელი კონფირმაცია გაიმართა. 1935 წელს ეკლესია დაკეტეს, 1941 წელს კი გერმანული მოსახლეობა შუა აზიაში გადაასახლეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ბოლნისში კვლავ შეიკრიბა პატარა ლუთერული სამრევლო. დასაწყისში ის მეტწილად ქალებისგან შედგებოდა, რომლებსაც რელიგიის შეზღუდვა და საბჭოთა კავშირში 1941 წელს გერმანელების გადასახლება გამოვლილი ჰქონდათ. 2007 წლიდან მრევლი სამრევლო ცენტრად გადაკეთებულ პატარა სახლში იკრიბება, ის სულ უფრო იზრდება, მას უერთდებიან ბავშვები სამეზობლოდანაც, რომლებიც კვირაობით საკვირაო სკოლაში დადიან.