მეცადინეობა რუსთავში შაბათობით ტარდება და დილის 9 საათზე იწყება არც თუ ისე დიდ სამრევლო სახლში. რადგან საკვირაო სკოლაში ძალიან ბევრი ბავშვი დადის, ხშირად მეცადინეობა არა მხოლოდ ეკლესიის დარბაზში ტარდება, არამედ გვერდით ოთახებში და სამზარეულოშიც კი. რუსთაველი ბიჭუნები და გოგონები ძალიან აქტიურები არიან და მეცადინეობებში ყოველთვის დიდი ინტერესით იღებენ მონაწილეობას.
რუსთავში საკვირაო სკოლა მშვიდობის ლუთერული სამრევლოს დაარსების დღიდან არსებობს და მას ხანგრძლივი საინტერესო ისტორია აქვს. თავდაპირველად ლარისა ბაბაევამ შემოიკრიბა ბავშვები, შემდეგ მისმა ქალიშვილმა იულიამ გააგრძელა მათთან მუშაობა, მოგვიანებით მუსიკის პირველი მასწავლებელი ნანა მენთეშაშვილი და მისი ქალიშვილი მარი შემოგვიერთდნენ, რომელიც ფლეიტაზე დაკვრას ასწავლიდა.
გაკვეთილის დროს ბავშვები გართობის ფორმით არა მხოლოდ გრამატიკას სწავლობენ, არამედ გერმანულ ზღაპრებს დგამენ და გერმანულ სიმღერებს თარგმნიან და სწავლობენ.
ხელსაქმეს ნელი ვისტუნი ასწავლის, რომელიც 9 წლის ასაკიდან მრევლში დადის. ის სამრევლოში გაიზარდა, საკვირაო სკოლაშიც დადიოდა, კონფირმაცია მიიღო და 16 წლიდან დამოუკიდებლად ასწავლის ბავშვებს ხელსაქმეს და ხელგარჯილობას.
ცნობილია, რომ ლუთერულ ეკლესიაში მუსიკას განსაკუთრებული მნიშნელობა ენიჭება. ჩვენი პედაგოგები ალექსანდრე შუბინი და ანა აბშილავა ცდილობენ, ბავშვებს მუსიკის სიყვარული შთაუნერგონ. ალექსანდრე შუბინი მათ ფლეიტაზე დაკვრას ასწავლის, ანა აბშილავა კი საბავშვო გუნდს ხელმძღვანელობს.
შემოდგომის „საეკლესიო მაცნეს“ გამოშვებაში თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ საკვირაო სკოლის მუშაობის შესახებ
მსოფლიო ლოცვის დღის ჩვენი ყველა სამრევლოს ბავშვებთან ერთად აღნიშვნის იდეა წლების წინ გაჩნდა. რუსთავის საკვირაო სკოლის ბავშვები ამ ზეიმისთვის კარგად მოემზადნენ და ზიმბაბვეს სიმღერებით და აფრიკულ თემაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენით შეგვეგებნენ. “სალიბონანი!” - ამ მიმართვით ესალმებოდნენ ბავშვები ერთმანეთს, ამ მიმართვით დაიწყო საოჯახო ღვთისმსახურებაც, რომელიც პასტორმა ირინა სოლეიმ ჩაატარა. ბავშვები ყურადღებით ისმენდნენ იესოს მიერ სნეულის განკურნების ბიბლიურ ისტორიას (იოანე 5:2-9), აღფრთოვანებულები მღეროდნენ უფროსებთან ერთად და ლოცულობდნენ. ზიმბაბვეს ერთ-ერთ ენაზე შესრულებული რიტმული, მხიარული ცეკვის და სიმღერის მერე მასპინძლები სიყვარულით მომზადებული მცირედი ხემსით გაგვიმასპინძლდნენ. მერე ბავშვებისთვის სუფთა ჰაერზე თამაშები გაიმართა, რის შემდეგაც ყველამ რუსთაველი ახალგაზრდა გიტარისტის ილია შონიას შესრულებას მოუსმინა. საზეიმო პროგრამის ბოლოს ბავშვებმა ნიღბები მოხატეს, რაც აფრიკული კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.